13267823_10154387143909349_4231735700399971350_n

სანდრო შელია

სანდრო შელია არის ქართველი ამერიკელი საერთაშორისო ექსპერტი 25 წლიანი გამოცდილებით მრავალ საკვანძო დარგში როგორიც არის შესაბამისობის შეფასება, განათლება, საერთაშორისო სტანდარტიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების მართვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფინანსები.

სანდრო შელია 1996 წლიდან ცხოვრობდა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო 2004-2014 წლებში იკავებდა ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტის (ANSI) აკრედიტაციის უფროსი დირექტორის თანამდებობას. მისი დირექტორობის წლებში ANSI-მ განამტკიცა თავისი როლი, როგორ მსოფლიოს ლიდერი აკრედიტაციის დარგში, ოთხჯერ გაზარდა სხვადასხვა ტიპის აკრედიტებული შესაბამისობის შეფასების ორგანოთა პორტფელი და შემოიღო ახალი პროგრამები ლაბორატორიებისათვის, ინსპექტირების ორგანოებისათვის, სასერტიფიკატო კურსების მწარმოებელი ორგანიზაციებისათვის და სასათბურე გაზების სეკვესტრაციის ვერიფიკაციისა და ვალიდაციის ორგანოებისათვის.

სანდრომ მიიღო ბაკალავრის წოდება პენსილვანიის შტატის ალეგენის კოლეჯის (Allegheny College) პოლიტოლოგიის ფაკულტეტისაგან 1998 წელს და ასევე მაგისტრის წოდება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტისაგან (Georgetown University McDonough School of Business) 2007 წელს. 2014 წლიდან სანდრო შელია საქართველოში მოღვაწეობს. ჩამოსვლისას მან განახორციელა რამოდენიმე პროექტი საერთაშორისო კონსულტანტისა და პროექტის ხელმძღვანელის როლში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან და მასტან არსებულ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, აგრეთვე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ხელმძღვანელობდა მმართველობის საინფორმაციო სისტემის შემუშავებას საქართველოს აკრედიტაციის ცენტრისათვის. სანდრო აქტიურად მოღვაწეობს საქართველოში კერძო ბიზნესის სფეროში ფინანსური მომსახურების, კვების მრეწველობის და სოფლის მეურნეობის დარგებში.

2015 წელს სანდრო შელიამ და მისმა მეუღლემ დააფუძნეს საქველმოქმედო ფონდი ნათელი საქართველო, რომლის მიზნებია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება და მათთვის განათლებაში ხელშეწყობა. ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს საქველმოქმედო კონცერტებს, ბავშვების მხატვრულ წრეებზე დასწრების დაფინანსებას და აგრეთვე ჩატარებულ 2 კვირიან საზაფხულო სკოლას, რომლის დროს 30-მა აბიტურიენტმა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მიიღო ინტენსიური ტრენინგი ერტონვული გამოცდებისათვის მოსამზადებლად.