channel 2

„სი ეი ინთერნეიშენალმა“ წარმატებით დაასრულა „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედ საქართველოს“ ნავთობტერმინალის ტექნიკური ინსპექტირება

2017-04-29

 

ინსპექტირების ორგანომ – „სი ეი ინთერნეიშენალმა“ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარა კომპანია „პეტროკას ენერჯი ჯგუფი“-ს შვილობილ კომპანიას „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედ საქართველოს“ ნავთობპროდუქტების ტერმინალს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობტერმინალია და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 2 მილიონ ტონას აღწევს. ეს იყო ამ კატეგორიის ობიექტის პირველი კერძო აკრედიტებული ინსპექტირების პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-18 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის სექტემბრიდან.

ნავთობტერმინალის რეზერვუარების პარკის მოცულობა 117 000 კუბური მეტრია და ისინი API 650 სტანდარტის შესაბამისადაა დამზადებული. თანამედროვე მოთხოვნების მიხედვითაა აღჭურვილი და ISO  სტანდარტებს შეესაბამება ტექნოლოგიური ნაწილი და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.  სისტემატური ინსტრუქტაჟი უტარდება პერსონალს, ყურადღება ექცევა ტექნიკის გამართულ მუშაობას და ტერიტორია ვიდეოკამერებით კონტროლდება.

„საქართველოში მდებარე ნავთობტერმინალების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების დაცულობის შემოწმება ობიექტური მესამე მხარის მიერ ძალზე მნიშვნელოვანია და არსებული კანონი ყოველწლიურ ინსპექტირებას მოითხოვს. მეამაყება, რომ „სი ეი ინთერნეიშენალმა“ ჩაატარა პირველი ასეთი ტიპის ინსპექტირება, რაც კიდევ ერთი არსებითი გადადგმული ნაბიჯია საქართველოსათვის ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით. „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედ საქართველოს“ ნავთობტერმინალის მმართველი გუნდი პრიორიტეტს ანიჭებს უსაფრთხოების და ხარისხის კონტროლს, რაც ინსპექტირების დადებით შედეგზე აისახა“ – განაცხადა „სი ეი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ.

ფოთის ნავთობტერმინალის მენეჯერის გივი ყაჭიურის განცხადებით – ,,კომპანია „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედ საქართველო“ ერთ-ერთი უმსხვილესი თეთრი ნავთობპროდუქტების ტერმინალია საქართველოში. ჩვენი კომპანია სერტიფიცირებულია ISO-ს სტანდარტების შესაბამისად გარემოს დაცვის მენეჯმენტში, ხარისხის მართვის სისტემებში და შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტში. შესაბამისად დიდი ყურადღება ეთმობა ტერმინალის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვას, პერსონალის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლებას და შრომის და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის დანერგვას და განმტკიცებას კომპანიის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენთვის დიდი პატივია რომ ვართ პირველი კომპანია რომელმაც გაიარა ტექნიკური ინსპექტირება ახალი კანონმდებლობის შესაბამისად და დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შემოწმება იმისათვის რომ დარწმუნებული ვიყოთ კომპანიის საქმიანობის სწორი კურსით მიმდინარეობაში და ზემოთ აღნიშნული სტანდარტების შესაბამისობაში ყოფნასთან.“

შემოწმების შედეგად, „სი ეი ინთერნეიშენალმა“ ნავთობტერმინალს ტექნიკური ინსპექტირების სერთიფიკატი მიანიჭა.